თბილისის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატი“ წევრი ზაზა გაბუნია სტიქიის შედეგებზე პასუხისმგებლობის რამდენიმე ადამიანზე დაკისრებას არასწორად მიიჩნევს.
აღნიშნული განცხადება მან დღეს საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, დედაქალაქში მომხდარი ტრაგედიის ვინმესთვის გადაბრალება მეტ პასუხისმგებლობას საჭიროებს.
„თბილისის მერიას ტრაგედიის თავიდან აცილების მიზნით, რა თქმა უნდა, უფრო ეფექტური ღონისძიების გატარება შეეძლო. ტრაგედიის და მსხვერპლის თავიდან აცილებაზე პასუხისმგებლობის მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის მიწერა არასწორია“ - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე მათ „ქრისტიან-დემოკრატების“ ინიციატივა წარადგინეს, რომლის თანახმადაც, გამოყოფილი 3 მლნ ლარიდან დაზარალებულებისთვის ფულადი კომპენსაციის გადაცემაც უნდა მოხდეს.
„გარდა ამისა, ჩვენ ქალაქში პრევენციული ღონისძიებების ჩატარება მოვითხოვეთ. ყველა იმ ავარიული შენობისთვის, რომელიც საფრთხეს შეიცავს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებაა აუცილებელი“- აღნიშნა გაბუნიამ.
მისივე თქმით, მერიამ ავარიული შენობების აღდგენითი სამუშაოები 100%-ით უნდა დააფინანსოს.
საკრებულოს საგანგებო სხდომაზე დღეს სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახამდ, მერიის სარეზერვო ფონდში 3 მლნ ლარი გადაირიცხება.

















