დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ შექმნილი ვითარების გასაპროტესტებლად, სტუდენტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები 20 მაისს აქციას გამართავენ.
როგორც პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ განაცხადა, აქცია, რომელშიც მისი პარტიაც მიიღებს მონაწილეობას, არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ ორგანიზებული, ის საზოგადოების ინიციატივით დაიგეგმა და მიზნად ისახავს დავით გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების განლაგების ფაქტზე რეაგირებას.
„ხელისუფლების უსუსურობიდან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ამ საკითხის მოგვარებაზე იზრუნოს. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მიიჩნევს, რომ პროქართულია, აქტიურად ჩაერთოს ამ ღონისძიებაში“-აღნიშნა გიორგაძემ.
მისი თქმით, იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ამ საზოგადოებრივი ღონისძიების დისკრედიტაცია არ მოახდინოს, პოლიტიკურმა პარტიებმა აქციის მსვლელობისას პარტიული სიმბოლიკა და ატრიბუტიკა არ უნდა გამოიყენონ.

















