საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში "სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე" სახელმწიფო უწყებები ერთვებიან.
განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს პროგრამა დედაქალაქის მერს გიგი უგულავას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დავით ტყეშელაშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალიას, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს რამაზ ნიკოლეიშვილს, სოფლის მეურნეობის მინისტრს ზაზა გოროზიას, კულტურის მინისტრს ნიკა რურუას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ირაკლი ნადარეიშვილს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გიორგი ვაშაძეს და მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი მელაძეს გააცნო.
დიმიტრი შაშკინმა შეხვედრის მონაწილეებს მხარდაჭერა სთხოვა. სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები მინისტრს დაჰპირდნენ, რომ მათ უწყებებში ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიაწვდიან.
სტუდენტთა დასაქმების პროექტის ფარგლებში, 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყველა ავტორიზებული უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა ბაკალავრიატის ოცდახუთი ათასი სტუდენტი, შეთავაზებულ 70 სხვადასხვა სფეროში დასაქმდება. სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში ანაზღაურების სახით 500 ლარს მიიღებენ.

















