შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას „საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრს“ ესტუმრა და ორგანიზაციის მუშაობას გაეცნო.
მინისტრმა ცენტრის თანამშრომლებს ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევები გააცნო და სამინისტროს სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მისი თქმით, პირველადი ჯანდაცვის სფეროს განვითარება და ამ ტიპის მომსახურეობაზე ხელმისაწვდომობის ზრდა რეფორმის პრიორიტეტული მიმართულებებია.
„პირველადი ჯანდაცვის მიზანია ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადების პრევენციისა და საწყის ეტაპზე მათი მკურნალობის გზით ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილება“- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
აქამდე, პირველადი ჯანდაცვის პუნქტები პოლიკლინიკების სახით არსებობდა. ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, დიდ ქალაქებში ეს დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საოჯახო მედიცინის ცენტრებად გარდაიქმნა და კლინიკებში მათი ინტეგრაცია მოხდა.
საოჯახო მედიცინის ცენტრი ამბულატორიული საქმიანობის პარალელურად, პაციენტთა ბინაზე მომსახურეობასაც ახორციელებს.

















