ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანოს არჩევნებში 3 სტუდენტური
ორგანიზაცია და 10 დამოუკიდებელი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.
როგორც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დიმიტრი გეგენავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებისთვის „ერთიანი სტუდენტური მოძრაობა“, „სტუდენტები სტუდენტებისთვის“ და „თავისუფალ სტუდენტთა ალიანსი“ არიან რეგისტრირებული.
მისი თქმით, რეგისტრირებული 10 დამოუკიდებელი კანდიდატიდან 1 იურიდიული ფაკულტეტიდან, ხოლო 9 სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებიდანაა.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი სულ ოთხმა სტუდენტურმა ორგანიზაციამ და 24-მა დამოუკიდებელმა კანდიდატმა გამოთქვა.
საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სიებში არსებული ხარვეზების გამო, არჩევნებში მონაწილეობაზე სტუდენტურ ორგანიზაციას “სტუდენტური ხმა“ და 13 დამოუკიდებელ კანდიდატს უარი ეთქვა, ერთმა კანდიდატმა კი, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.
კომისიის ინფორმაციით, „სტუდენტურმა ხმამ“ 1 530 ხელმოწერის ნაცვლად, 1390 ხელმოწერა წარადგინა, რომელშიც ხარვეზები იყო დაფიქსირებული.
„ათობით გვარი თსუ-ს საერთო სტუდენტურ ბაზაში არ მოიძებნა, გაყალბებული იყო ხელმოწერები, არასწორადაა მითითებული ტელეფონის ნომრები“ - განაცხადა გეგენავამ.
მისივე ინფორმაციით, დოკუმენტაცია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაეცემა.
საბოლოო მონაცემებით, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში 120 ადგილზე 154 მსურველია რეგისტრირებული.
საარჩევნო კომისიის მოწვევით, არჩევნებს 3 საერთაშორისო ორგანიზაცია - „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“, „IFES” და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ დააკვირდება. 12-ვე საარჩევნო უბანზე დამონტაჟდება ვიდეოკამერები.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.
2012 წლის არჩევნები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 18 მაისს გაიმართება.

















