ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ საქართველომ „უეფაში“ განაცხადი აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლად შეიტანა.
ამის შესახებ დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ საგანგებო ბრიფინგი გამართეს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხარის ინიციატივით, საქართველო და აზერბაინაჯი, ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობის შესახებ „უეფაში“ განაცხადის შეტანაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ ინიციატივასა და სხვადასხვა საორგანიზაციო დეტალებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიური მოლაპარაკებები, როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციებს, ასევე, ორი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებს შორის მიმდინარეობს.
„აზერბაიჯანს განაცხადი 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე აქვს შეტანილი. საერთო შეთანხმებით გადაწყდა, რომ აზერბაიჯანის მხარე ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის ბრძოლას გააგრძელებს, საქართველოს მხარე კი, „უეფაში" ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლად შეიტანს განაცხადს“ - აღნიშნა ლადო ვარძლაშვილმა.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, საქართველოში ფეხბურთის სამომავლო განვითარების კუთხით არსებული ცენტრალური სტადიონების რეაბილიტაციისა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით ახალი პროექტები განხორციელდება.
კერძოდ, ბათუმში ახალი სტადიონი აშენდება. ასევე, რეგიონებსა და თბილისში მდებარე ყველა ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის ინფრასტრუქტურა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა.

















