კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ველოტრეკის მშენებლობა უარყო და განაცხადა, რომ მშენებლობა
ბაღის საზღვრებს მიღმა მიმდინარეობს. ამის შესახებ საააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსმა ნიკოლოზ ანთიძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა.
მისი თქმით, ზუგდიდში ველოტრეკის მშენებლობის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან რეგულარულად იღებს.
„ჩვენი ინფორმაციით, სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის წითელი ხაზის მიღმა ხორცილდება. შესაბამისად, მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოსგან ნებართვას არ საჭიროებს“ - განაცხადა ანთიძემ.
მან, ასევე, განმარტა, რომ ველობილიკის მშენებლობისას საბჭოთა პერიოდში ქალაქის გამწვანებისას დარგული ხეები იჩეხება და არა ბოტანიკურ ბაღში დაცული იშვიათი ჯიშის ნარგავები.
როგორც ცნობილია, გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობობო ორგანიზაციებმა დღეს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე უკანონო მშენებლობის პროცესი გააპროტესტეს. მათ განაცხადეს, რომ ბოტანიკურ ბაღში ველოტრეკის მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე მიმდინარეობს და იქ დაცული იშვიათი ჯიშის ხეები იჩეხება. მათ მინისტრს რეაგირებისკენ მოუწოდეს.

















