თბილისის მერია პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს შეურაცხყოფისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
როგორც „ნიუსპრესს“ მერიიდან აცნობეს, პოლიტიკურ პარტიებს, ისევე როგორც
ნებისმიერ მოქალაქეს, მერიის საქმიანობის გაკრიტიკების უფლება აქვს.
„გვინდა შევახსენოთ ყველას, სიტყვის თავისუფლება დაცულია კანონით, პირისპირ შეურაცხყოფა კი არა. დღეს ერთადერთი ჩვენი ამოცანა სტიქიური უბედურების შედეგად შექმნილ პრობლემებისა და გამოწვევების ეფექტურად გამკლავებაა. ამისთვის, საგანგებო რეჟიმში თბილისის მერიის ყველა სტრუქტურული ერთეული მუშაობს, რათა არც ერთი ოჯახი არ დარჩეს გასაჭირში ყურადღების გარეშე“ - აღნიშნავენ თბილისის მერიაში.
გუშინ პოლიტიკური მოძრაობა „ქართული ოცნების“ აქტივისტსა და თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილეს შორის კონფლიქტი მოხდა.
როგორც მერიაში აცხადებენ, პარტიის აქტივისტმა გამგებლის მოადგილეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მერიის ცნობით, ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე ბესიკ გაზდელიანი ამ ინციდენტის დროს, სტიქიური უბედურების შედეგად წარმოშობილი პრობლემების გადასაჭრელად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
„მიუხედავად ამისა, თბილისის მერია გაუმართლებლად მიიჩნევს მის რეაქციას პირად შეურაცხყოფაზე და მკაცრად აფრთხილებს მერიის თითოეულ თანამშრომელს, თავი მაქსიმალურად აარიდონ მსგავს ვითარებებს და ასეთი შეურაცხყოფის პირობებშიც კი თავშეკავება გამოიჩინონ“ - აცხადებენ მერიაში.

















