ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს მუზეუმის საგამოფენო დარბაზი გაიხსნება.
გალერეაში მუზეუმის ფონდებში დაცული სახვითი ხელოვნების ნიმუშები გამოიფინება. კერძოდ, XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის ქართველი და უცხოელი მხატვრების ტილოები.
საგამოფენო დარბაზის გახსნას თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი დაესწრება.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, გამოფენა თემატურად და ჟანრობრივად, მასალისა და ტექნიკის თვალსაზრისით მრავალფეროვანი იქნება.
ექსპოზიციაზე მხატვრების ვალერიან სიდამონ-ერისთავის, იოსებ სუმბაძის, გიგო გაბაშვილის, ჯიბსონ ხუნდაძის, ედმონდ კალანდაძის, ირაკლი ფარჯიანის, სევერიან მაისაშვილისა და სხვა მხატვრების ტილოები იქნება წარმოდგენილი. ამავე დროს, გამოიფინება გოგი და ირაკლი ოჩიაურების, ლევან ცუცქირიძის, თემო ყუბანეიშვილის და კორნელი სანაძის მიერ შესრულებული ილუსტრაციები ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებზე.
გალერეის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება იმ საგამოფენო დარბაზების ფოტომასალა, რომელთა გახსნაც ახლო მომავალშია დაგეგმილი.

















