ევროპა საქართველოს პროფკავშირებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების
გაერთიანების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ბრიუსელში საქართველოს პროფკავშირების საქმიანობას სპეციალური შეხვედრები დაეთმო.
როგორც „ნიუსპრესს“ გაერთიანებიდან აცნობეს, საქართველოს პროფკავშირების საკითხისადმი მიძღვნილ განხილვებზე დასასწრებად ბრიუსელში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, ევროპის პროფკავშირების, ევროკავშირისა და ევროპარლამენტიდან სპეციალური წარმოამდგენლები შეიკრიბნენ. განხილვებში მონაწილეობისთვის ბელგიაში ჩავიდნენ აშშ-ს სოლიდარობის ცენტრის წარმომდგენლები და ევროპის ქვეყნების პროფკავშირების პრეზიდენტები.
განცხადების თანახმად, შეხვედრაზე ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის კარლ დე გუხტის გზავნილი წაიკითხა, რომლის თანახმად, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა დამოკიდებულია პროფკავშირებთან ხელისუფლების ურთიერთობასა და შრომის კანონმდებლობის შეცვლაზე.
„განხილვებზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ საქართველოს შრომის კოდექსი იყო. ევროპა კოდექსის დისკრიმინაციული მუხლების დაუყოვნებლივ შეცვლას ითხოვს“- განაცხადეს პროფკავშირებში.
გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოს შრომის კოდექსზე მსჯელობა ივნისში, ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაზე უკვე არა მხოლოდ პროფკავშირების, არამედ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით გაგრძელდება.

















