თამარ მეფის მიერ გაცემული სიგელის ვატიკანიდან ჩამოტანილ ეტრატზე გადატანა გახდა შესაძლებელი.
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი, თამარ მეფის
ხსენების დღეს, დიდ მეფესთან დაკავშირებულ ისტორიის არქივში დაცული დოკუმენტების მიმოხილვით აღნიშნავს.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული არქივიდან აცნობეს, საისტორიო არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში თამარ მეფის დროინდელი სამი დოკუმენტია დაცული - ხელნაწერი წიგნი-ანჩის სახარება და თამარის მიერ გაცემული ორი სიგელი.
ერთ-ერთი სიგელი დღემდე კალკაზე გადაღებული დედნის პალეოგრაფიული პირის სახითაა მოღწეული, მასზე თამარ მეფისა და დავით სოსლანის ხელმოწერაა. მისი ეტრატის მულაჟის დამზადება ახლახანს დასრულდა.
ეროვნულ არქივში აცხადებენ, რომ საბუთის პალეოგრაფიული პირი ძლიერ იყო დაზიანებული, რის გამოც ის სამკითხველო დარბაზში არ გაიცემოდა. კალკაზე გადაწერილი საბუთის აღდგენა ლაბორატორიამ შესაბამისი მასალის შეძენის შემდეგ მოახერხა. ხელოვნებათმცოდნე რესტავრატორმა ლია სიხარულიძემ სიგელის ძირითადი ნაწილის მულაჟი ვატიკანიდან ჩამოტანილ ეტრატზე დაამზადა.
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ინფორმაციით, პერგამენტის მულაჟი და რესტავრირებული პალეოგრაფიული პირი საუკუნეებს გაუძლებს და მომავალ თაობებს თამარ მეფისა და დავით სოსლანის ხელმოწერის ნახვის საშუალება ექნებათ.

















