"ევროპელი დემოკრატები" 25 ათასი სტუდენტის დასაქმების შესახებ განათლების სამინისტროს პროგრამას აკრიტიკებს და ხანმოკლე ეფექტის მომტანად მიიჩნევს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ხოკერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, განათლების სამინისტრომ პირველ რიგში იმ 10 000 სტუდენტის ბედზე უნდა იზრუნოს, რომელთაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი აქვთ შეჩერებული.
"აშკარაა, რომ ხელისუფლება უმუშევრობას კი არ ებრძვის, არამედ ფასადური, პიარული პროგრამების განხორციელებით ცდილობს შექმნას გარკვეული დადებითი მოლოდინი იმისა, თითქოს ყველაფერი კარგადაა, მათ შორის ახალგაზრდების დასაქმების კუთხითაც", - აღნიშნა გიორგი ხოკერაშვილმა.
მისივე თქმით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 20-24 წლის ასაკის ახალგაზრდების 67% დაუსაქმებელია. ხოკერაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული ყველა გამოკითხვის მიხედვით, ეკონომიკურად აქტიური 162 ათასი ახალგაზრდიდან მხოლოდ 38 ათასია რეალიზებული. "პრობლემა იმდენად დიდია, რომ ახალგაზრდების დასაქმება სახელმწიფოს მზრუნველობის მთავარ საგანს უნდა წარმოადგენდეს",-მიაჩნია ხოკერაშვილს.

















