სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სიყვარულსა და მის მნიშვნელობაზე იქადაგა.
მან მრევლს იოანე ღვთისმეტყველის ძმის წმინდა იაკობის ხსენების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ იოანე ღვთისმეტყველი სიყვარულის მქადაგებელია.
მისი თქმით, ადამიანმა მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე რამდენიც არ უნდა იკითხოს ან წეროს, თუ რა არის სიყვარული, ის ვერ შეძლებს ამ საიდუმლოების ახსნას, ისევე, როგორც ადამიანი ვერ შეძლებს ახსნას, ვინ არის ღმერთი და რას წარმოადგენს იგი.
„წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ღმერთი არის სიყვარული. საოცარია ეს სახელწოდება. ვფიქრობ, რომ არავის უწოდებია მისთვის ისეთი ზუსტი სახელწოდება, როგორიც იოანე ღვთისმეტყველმა ბრძანა“ - აღნიშნა პატრიარქმა.
მისივე თქმით, სწორედ ეს სიყვარული ამოძრავებს ადამიანს და ქმნის მასში ფერისცვალებას. ეს სიყვარული გარდაქმნის ადამიანს და პატიობს შეცოდებებს. პატრიარქმა აღნიშნა, რომ უსიყვარულოდ არაფერია არც სახლი, არც ადამიანი, არც მცენარე.
„ჩემთან იყო ერთი ჯგუფი და ერთმა ქალბატონმა თქვა ლექსი, რომელიც ისე ჩამწვდა გულში, რომ მინდა თქვენც გითხრათ. ლექსში საუბარი სამშობლოს სიყვარულზე იყო. მან წარმოთქვა ასეთი სიტყვები - „მე გულში მტკივა საქართველო“ - გულში მტკივა, მე ჯერ ასეთი სიტყვები არ გამიგონია“ - აღნიშნა პატრიარქმა.
მისივე თქმით, საერთოდ ქართველი ადამიანი სიყვარულით არის დაჯილდოებული და ამ დიდი წყალობისთვის მადლობა უფალს უნდა შევწიროთ.
„შევთხოვოთ ღმერთს ჩვენში სიყვარული გააძლიეროს. თუ ჩვენ სიყვარული გვექნება, ვერავითარი მტერი ვერ დაძლევს საქართველოს“ - ბრძანა პატრიარქმა.
დღესვე, მან იმერეთში მოღვაწე მღვდელ-მონაზონი დემეტრე თეთრუაშვილი ოქროს ჯვრითა და იღუმენის ხარისხით დააჯილდოვა. უწმინდასმა რუსთავის სკოლა „კარცელ-ლუქსი ადამიანი“ და რამდენიმე გვარი დალოცა.

















