ექთანთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს უნივერსიტეტში, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ექთნებს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მათ ჯანდაცვის სფეროში არსებული ვითარება გააცნო და სექტორის განვითარების საკუთარი ხედვა წარუდგინა.
შეხვედრაზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა, წლის საუკეთესო ექთნის ნომინაციაში გამარჯვებული 9 მედდა სიგელებით დააჯილდოვა. კანდიდატები საქართველოს ექთანთა ასოციაციამ სხვადახვა კლინიკების თანამშრომელთა შორის შეარჩია.
ღონისძიების ფარგლებში, მინისტრი საქართველოს უნივერსიტეტის საექთნო საქმის ბაკალავრიატის კურსის ადგილობრივ და უცხოელ სტუდენტებსაც გაესაუბრა.
ექთანთა საერთაშორისო დღე 1965 წლიდან მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ეს თარიღი ცნობილი ინგლისელი ექთნის ფლორენს ნაითინგეილის დაბადების დღეს უკავშირდება, რომელმაც ყირიმის ომის დროს არაერთი ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა.

















