სასერტიფიკაციო გამოცდისთვის პედაგოგების მოსამზადებლად მასწავლებლის სახლში ტრენინგები დაიწყო.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მინისტრი დიმიტრი შაშკინი ფიზიკასა და ქიმიაში საგნობრივი ტრენინგების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.
მასწავლებლის სახლში ტრენინგებისა და სემინარების კურსები ყველა საგნის მასწავლებლისთვის ტარდება.
ტრენინგების მომზადებასა და განხორციელებაში სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონსულტანტები, თანამშრომლები და მოწვეული ტრენერები მონაწილეობენ.
გათვალისწინებულია მასწავლებელთა ის მოთხოვნები და საჭიროებები, რაც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.
სამინისტრო იმედოვნებს, რომ ტრენინგების ჩატარება სკოლებში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას და მათი ცოდნის საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებას შეუწყობს ხელს.

















