ლიტერატურული პროექტის - „მიეცი ნიჭსა გზა ფართო" ფინალისტები - ლაგოდეხის 6 სკოლის 30 მოსწავლე, „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" მოწვევით, თბილისს ეწვია.
როგორც „ნიუსპრესს“ ფონდიდან აცნობეს, პროექტის ფინალისტებმა პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა დაათვალიერეს და მის ისტორიას გაეცნენ.
დაგეგმილია მოსწავლეების შეხვედრა თანამედროვე ქართველ მწერლებთან, ფილმის ჩვენებასა და დისკუსიაში მონაწილეობა.
ლაგოდეხის ახალგაზრდული ცენტრის პროექტი „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ 2012 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.
პროექტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 6 სკოლაში შემოქმედებითი საღამოების გამართვას ითვალისწინებდა. ჟიურიმ 30 ფინალისტი გამოავლინა, რომლებსაც საჩუქრად წიგნები გადაეცათ, ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა მწერალი ქართული ელექტრონული ე.წ. რიდერით დასაჩუქრდა.

















