„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების გამო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთა დასჯას მოითხოვს.
როგორც „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საუკუნეზე მეტი ხნის ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში კომპანია „სანი“ ველოტრასის მშენებლობას გეგმავს.
მისი თქმით, „სანის“ წარმომადგენლების განცხადებით, ტრასის გაფართოებაც იგეგმება და იგი ბოტანიკური ბაღის მთელ რადიუსზე გაკეთდება. პროექტის მიხედვით, ველოტრასა ბაღის შიდა ტერიტორიაზეც შეაღწევს, რაც მჟავანაძის თქმით, ბოტანიკური ბაღის განადგურებას გამოიწვევს.
იურისტის განცხადებით, ბოტანიკურ ბაღში სამუშაოების დამკვეთი კომპანია შპს „ანაკლია-განმუხური რესორტია“.
„ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი გააჩნია, აქედან გამომდინარე, მშენებლობის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან უნდა შეთანხმებულიყო“- აღნიშნა მჟავანაძემ.
მისივე თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წევრების ქმედება, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადაგურების ფაქტი ისე უნდა შეფასდეს, აღნიშნული ქმედება კი, სისხლის სამართლის კოდექსის 2592-ე მუხლით ისჯება.
„ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ ინფორმაციით, მთავარ პროკურატურაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხის დასმის მოთხოვნით მასალები უკვე გადაიგზავნა.

















