თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე მომუშავე ფონდები სამუშაოებს შესყიდვების კანონმდებლობის გვერდის ავლით აწარმოებდნენ.
ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგშვილმა დღეს „რეაბილიტაცია ფასადს მიღმა“ კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფონდები, რომლებიც საბიუჯეტო თანხებს ხარჯავენ, არ იცავენ შესყიდვების შესახებ კანონმდებლობას, არ ატარებენ ტენდერებს და თვითონ ირჩევენ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებს.
„შესყიდვების კანონმდებლობის გვერდის ავლა სერიოზული პრობლემაა, რამაც წესით ეს პროცესი კორუფციისგან უნდა დაიცვას და კონკურენტული გარემო შექმნას“- განაცხადა ჩუგოშვილმა და ხაზი გაუსვა კიდევ ერთ მთავარ პრობლემას - რეაბილიტაციის პროცესის გაუმჭვირვალობას.
ჩუგოშვილის განმარტებით, სერიოზული კითხვები ჩნდება, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, თბილისის რეაბილიტაციაზე მინიმუმ 300 მლნ ლარია დახარჯული, თუმცა, ამ თანხის ხარჯვის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.
„ეს თანხა ბევრად უფრო მეტია. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ მაინც გაეცემა პასუხები ჩვენს კითხვებს“ - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

















