თბილისში, თავისუფალი თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მსახიობისა და პოეტის, ნიკო გომელაურის სახელობის ახალი სკვერი გაიხსნა.
ახალ სკვერში ნიკო გომელაურის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-გამოფენაც გაიმართა.
ნიკო გომელაურის სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2014 წლის ზაფხულში დაიწყო და 2015 წლის აპრილის დასაწყისში დაასრულა. პროექტის ავტორი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძეა. მსახიობის მონუმენტი მოქანდაკე როკო ირემაშვილის ავტორობით დაიდგა.
დედაქალაქის მერიის ცნობით, სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე, სკვერის ტერიტორია მოპირკეთდა მაღალი ხარისხის ბაზალტის ფილებით, ირგვლივ ჩატარდა გამწვანებითი სამუშაოები, დაირგო დეკორატიული მცენარეები, კიბეებზე დამაგრდა რკინის მოაჯირები, დაიდგა სკამები, სკვერში ასევე დამონტაჟდა სანათები და გაკეთდა თეატრის აფიშის დაფა.
პროექტის მეორე ეტაპზე ნიკო გომელაურის ლექსები ლითონის ასოებით დაიწერა და სკვერის საფეხმავლო მონაკვეთზე, სკამებსა და კედელზე განთავსდა.