არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფმა“ საქართველოში დიდი ჰესებისა და ტყეების გაჩეხვა დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან გააპროტესტა.
როგორც ,,გირნფისის მხარდამჭერთა ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა აქციაზე განაცხადა, ჰესების აშენება და ტყეების განადგურება სამომავლოდ ეკოლოგიური კატასტროფების გახშირებას გამოიწვევს.
მისი თქმით, ნენსკრაჰესის მშენებლობის პროცესში 400 ჰექტარი ტყე იჩეხება.
„სააკაშვილი კი, ამის შესახებ აღტაცებით საუბრობს. დარღვეულია კანონიც, რადგან მშენებლობაზე გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვა არ არის გაცემული. ჰესების მშენებლობით არამარტო ჩვენი ჯანმრთელობა, არამედ სიცოცხლეც ნადგურდება“ - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
მისი განცხადებით, დიდი ჰესების მშენებლობით მოსახლეობა არანაირ სარგებელს არ იღებს და ელექტროენერგიის ტარიფი მათთვის უცვლელი რჩება.
დღევანდელ საპროტესტო აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის“ წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
როგორც ორაგნიზაციის გამგეობის ხელმძღვანელმა ია ღონღაძემ „ნიუსპრესთან“ საუბრისას განაცხადა, დიდი ჰესების მშენებლობა ყველა ქართველის პრობლემაა და მის წინააღმდეგ პროტესტი ყველამ უნდა გამოხატოს.
ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, კამპანია - ,,საქართველოს დატბორვის წინააღმდეგ“ კვლავაც გაგრძელდება. მის ფარგლებში საპროტესტო აქცია ორი კვირის შემდეგ, პარლამენტის შენობის წინ გაიმართება.

















