მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, რომლებიც ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ვაკის პარკში აღნიშნავენ, სახელმწიფოს კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების აღდგენას და პენსიის მომატებას სთხოვენ.
„ნიუსპრესთან“ საუბარში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა 90 წლის ივანე წიკლაურმა განაცხადა, რომ ჩრდილო კავკასიიდან ბერლინამდე ყველგან იბრძოდა, ახლა კი, სახელმწიფოს იმედზეა, რომ სამედიცინო პოლისით იყოს უზრუნველყოფილი.
მისი თქმით, ვეტერანებს კომუნალურ გადასახადებზე შეღავათები ჰქონდათ, თუმცა, რამდენიმე წელია, რაც სახელმწიფომ ეს შეღავათები გააუქმა.
„ომის მონაწილეებს ყველა ქვეყანაში შეღავათები აქვთ, ჩვენ კი, რაც გვქონდა ისიც მოგვიხსნეს“-განაცხადა წიკლაურმა.
87 წლის ვეტერანმა ვიტალი ციმერმანმაც კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების აღდგენა და პენსიის გაზრდა მოითხოვა.
მისი თქმით, ომის დროს, გერმანიაში კანტუზია მიიღო, ამდენად, მისი სამედიცინო პოლისით უზრუნველყოფა აუცილებელია.
ციმერმანის განცხადებით, მისი პენსია 144 ლარია, რაც საკმაოდ დაბალია. მან ხელისუფლებას ვეტერანთა ღირსეული პენსიით უზრუნველყოფა სთხოვა.

















