მოძრაობა „გადაარჩინე სიცოცხლესა“ და „კონსერვატიული პარტიის“ წევრის ლაშა ჩხარტიშვილის ორგანიზებით, თბილისში ზანდუკელის #4- თან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქცია 32 წლის გიორგი გამცემლიძის გარდაცვალების 4 წლისთავს უკავშირდება.
როგორც „ნიუსპრესს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა გიორგი გამცემლიძის მკვლელების დასჯაა.
მისი განმარტებით, გიორგი გამცემლიძე პოლიციელმა სიჩქარის გადაჭარბების გამო მოკლა.
„4 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანების გამო პასუხი პრაქტიკულად არავის უგია, არც ვაზაგაშვილის, არც რობაქიძის და არც სხვათა მკვლელობის შემთხვევაში. არავის აქვს უფლება ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის“-განაცხადა ჩხარტიშვილმა.
მისივე თქმით, გამცემლიძის მკვლელმა პატიმრობის სახით მხოლოდ ორი წელი მოიხადა.
საპროტესტო აქციას გარდაცვლილის ოჯახის წევრები, მოძრაობა „არას“ ხელმძღვანელი ლაშა ჯიშკარიანი, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე, გარდაცვლილ ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი და „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა ხაინდრავა ესწრებიან. აქციაზე სანთლები დაანთეს და გარდაცვლილი გაიხსენეს.
2008 წლის 8 მაისს, ზანდუკელის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს, 32 წლის გიორგი გამცემლიძე გარდაიცვალა. მას ჭრილობა თავში ჰქონდა მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გამცელიძემ, რომელიც ავტომობილს მართავდა, საგზაო წესები დაარღვია. პოლიციელმა მას გაჩერება მოსთხოვა, მაგრამ მძღოლი არ დაემორჩილა. მანქანა ბორდიურს შეეჯახა. მან ავტომობილი მიატოვა და შეიარაღებულმა გაქცევა სცადა. გამცემლიძე პოლიციელის გაფრთხილებას კვლავ არ დაემორჩილა, რის შედეგადაც პოლიციელმა ვახტანგ აბუაშვილმა ისროლა. გამცემლიძე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

















