სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაცვლად, საქართველოში სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტო იქმნება.
ამას „სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
აღნიშნული სააგენტო იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფლებამონაცვლეა.
ახალ სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქონება და ფინანსური საშუალებები გადაეცემა.
პროექტის თანახმად, სააგენტოს შექმნის მიზნებში დასახელებულია - სახელმწიფო მომსახურების განვითარების ხელშეწყობა და ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვა; ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერა; სამოქალაქო რეესტრის წარმოება და მისი მუდმივი სრულყოფა.
სააგენტოს ფუნქციებში შედის საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირთა აღრიცხვისა და დოკუმენტირების მოწესრიგებული სისტემის შექმნა. ასევე მოქალაქეობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა; ბინადრობის ნებართვისა და ვიზის გაცემა; საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და აღრიცხვიდან მოხსნა.
ამ კანონპროექტის ძალაში შესვლიდან ერთი თვის შემდეგ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს რეორგანიზაცია მოხდება.

















