თბილისის მერიის წარმომადგენლები ხვალ, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში ვეტერანებს შეხვდებიან.
მერიის ინფორმაციით, ისინი უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობენ.
წელს ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავი აღინიშნება. საქართველოში 4 500–მდე ვეტარანი ცხოვრობს, აქედან თბილისში – 1 348.
8 და 9 მაისი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნის თარიღად 2004 წელს გამოცხადა.
უპირობო კაპიტულაციის აქტს ხელი 1945 წლის 8 მაისს, ევროპის დროით 22:45 საათზე მოეწერა. ამ დროს საბჭოთა დედაქალაქში უკვე 9 მაისი იდგა, ამიტომ გამარჯვების დღე პოსტსაბჭოთა სივრცეში 9 მაისს აღინიშნება.
1965 წლის 26 აპრილიდან 9 მაისი დასვენების დღედაა გამოცხადებული. 1975 წლის 9 მაისს კი, თბილისში, გამარჯვების პარკში ძეგლი - უცნობი ჯარისკაცის საფლავი გაიხსნა.
მეორე მსოფლიო ომში 300 ათასზე მეტი ქართველი დაიღუპა.

















