დედოფლისწყაროში გუშინდელი მიწისძვრის შედეგად შეწყვეტილი სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდა.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ დედოფლისწყაროს გამგეობის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი თქმით, წუხელ რამდენიმე განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, თუმცა, მას მოსახლეობისთვის ზიანი არ მიუყენებია.
პრესსამსახურის ინფორმაციით, დედოფლისწყაროს სახანძრო და საგანგებო სიტუაციების სამსახური მობილიზებულია და საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას დროულად მოახდენენ.
დედოფლისწყაროში სასწავლო პროცესი გუშინ, მიწისძვრის გამო შეჩერდა. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ყარაღაჯთან გუშინ 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისის დროით 08:40 საათზე დაფიქსირდა.
ეპიცენტრი აზერბაიჯანში საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში იყო, თუმცა, ის საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე ძლიერად დედოფლისწყაროს რაიონში სოფელ ყარაღაჯთან იგრძნობოდა. ბიძგები თბილისზეც გავრცელდა.

















