საქართველოში მიწისქვეშა ბიძგების განმეორების საფრთხე დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში იარსებებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მოსალოდნელი მიწისძვრები არც საქართველოზე და არც აზერბაიჯანზე გავლენას არ მოახდენს, რადგან მისი სიმძლავრე შემცირებულია.
მათი ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 20-მდე მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი აზერბაიჯანში საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში იყო.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, წუხელ დაფიქსირებული მიწისქვეშა ბიძგებიდან მაქსიმალური სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო.
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ყარაღაჯთან გუშინ მიწისძვრა მოხდა. 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისის დროით 08:40 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი აზერბაიჯანში საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში იყო, თუმცა, ის საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე ძლიერად დედოფლისწყაროს რაიონში სოფელ ყარაღაჯთან იგრძნობოდა. ბიძგები თბილისზეც გავრცელდა.

















