ავიაციის ყოფილმა თანამშრომლებმა კომპენსაციის გაზრდის მოთხოვნით, პარლამენტის შენობასთან დღეს საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც „ნიუსპრესს“ „საქართველოს მფრინავთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალბერტ ნურბეკიანმა განუცხადა, აქციაზე ავიაციის ყოფილმა თანამშრომლებმა სახელმწიფოსგან ყოველთვიური დახმარების გაზრდა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
მისი თქმით, მფრინავის პენსია 100 ლარი მხოლოდ საქართველოშია. სხვა ქვეყნებში ავიაციის თანამშრომლები მაღალ კომპენსაციას იღებენ.
„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დაბალი პენსიაა. ჩვენი ბაზარი გაყიდულია, ხელოვნურად გაანადგურეს ავიაცია და ვეტერანები მშივრები დაგვტოვეს. რომელ განვითარებაზეა საუბარი, როცა იანვარში მესტიის აეროპორტიდან მხოლოდ 44 მგზავრი გაფრინდა“ - განაცხადა ნურბეკიანმა.
ვეტენარ მფრინავთა საპროტესტო აქცია სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან პერმანენტულად იმართება.
ავიატორებმა მორიგი აქცია 11 მაისს, ავლაბარში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაგეგმეს.

















