"არასამთავრობო ორგანიზაცია „დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაცია“ ხვალ ხოშარაულის #29-სთან, საპროტესტო აქციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციის გამგეობის ხელმძღვანელმა ია ღონღაძემ განუცხადა, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეები ხვალინდელ აქციაზე ბინების საკუთრებაში გადაცემას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.
მისი თქმით, საინვესტიციო და დეველოპერული კომპანია „დექსუსი“, რომელმაც „ცენტრ პოინტის“ აქტივები გადაიბარა, მოქალაქეებისგან თანხის 18%-ის დამატებას ითხოვს.
„ხოშარაულის 29-ში მდებარეობს „დექსუსის“ ორი კორპუსი. ერთი დასრულებული და მეორე დაუსრულებელი. დასრულებულ კორპუსში მოსახლეობა ჯერ კიდევ 5 წლის წინ შესახლდა, რომლებმაც ბინები თავიანთი ხარჯებით გაირემონტეს“ - აღნიშნა ია ღონღაძემ.
მისივე თქმით, კომპანია „დექსუსი“ აღნიშნული კორპუსის მოსახლეობას თანხის დამატებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ბინებიდან გამოსახლებით ემუქრება.
„კომპანია „დექსუსი“ დასრულებულ მშენებლობებს თაღლითურად იყენებს, რადგან ხალხს ფული გამოსძალოს. ეს 18% დახლოებით 20 000 აშშ დოლარზე მეტია, მოსახლეობას კი ამის საშუალება არ აქვს“ - განაცხადა ღონღაძემ.
მისივე ინფორმაციით, კორპუსში შესახლებულმა მოსახლეობამ ბინების გადაფორმება თავის დროზე ვერ მოახერხა, ახლა კი, „დექსუსი“ შესყიდული ბინების თავიდან შესყიდვას აიძულებს.
„დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის“ წარმომადგენლების განცხადებით, „ცენტრ პოინტმა“ 2003-2010 წლებში 6 200 ოჯახი დააზარალა, რომელთა მდგომარეობა უცვლელია.
2010 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, „დექსუსმა“ „ცენტრ პოინტის“ ვალდებულებები 3 წლის ვადაში უნდა შეასრულოს.

















