არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ასოციაციათა კავშირის“ ინიციატივით, ხვალ ალტერნატიული პროფკავშირი
„თავისუფალი პროფკავშირი - სოლიდარობა 2“ შეიქმნება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „თავისუფალ ასოციაციათა კავშირიდან“ აცნობეს.აღნიშნულთან დაკავშირებით „საქართველოს თავისუფალი პროფკავშირების” დამფუძნებელი საინიციატივო ჯგუფის წევრები ხვალ ბრიფინგს გამართავენ.
„რამდენადაც დღეს საქართველოში მოქმედი ერთადერთი პროფკავშირი, რომელიც ხელისუფლების ნების განმხორციელებელ ორგანოს წარმოადგენს და ადამიანების პროფესიულ უფლებებსა და ინტერესებს არანაირად არ იცავს, ვაცხადებთ, რომ ვქმნით ალტერნატიულ პროფკავშირს. თითოეული პროფესიის ადამიანის უფლებების, ინტერესების და ღირსების დასაცავად ჩვენს ძალებს ვაერთიანებთ“- აცხადებენ „თავისუფალ ასოციაციათა კავშირში“.
„საქართველოს თავისუფალი პროფკავშირების” დამფუძნებელ საინიციატივო ჯგუფში „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის”, „საქართველოს პედაგოგთა ასოციაცია”, „რკინიგზელთა თავისუფალი პროფკავშირი”, „თავისუფალ მოვაჭრეთა ასოციაცია”, „გარე მოვაჭრეთა ლიგა”, „სამარშრუტო ტაქსების თავისუფალი პროფკავშირი” და სხვა ორგანიზაციები შედიან.

















