კამპანია „ეს შენ გეხება“ დღეიდან მოქმედებების მეორე ეტაპს იწყებს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ეს შენ გეხებადან“ აცნობეს, მომდევნო ეტაპი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას და
საარჩევნო პერიოდში მედია გარემოს გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კამპანიის მონაწილეები საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტს დღეს შეიტანენ.
მათივე ინფორმაციით, საკანონმდებლო წინადადებები სხვადასხვა საკითხების მოგვარებას ითვალისწინებს, მათ შორისაა - არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცედურის დახვეწა; საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების რეგულირება; წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობა და საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისთვის მედიათანაბრობის უზრუნველყოფა.
არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა კამპანია „ეს შენ გეხება“ მიმდინარე წლის 13 თებერვალს წამოიწყეს. კამპანიის მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა. კამპანიის პირველი ეტაპის ფარგლებში, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა პეტიცია შეიმუშავეს, რომელიც საკანონმდებლო წინადადების პაკეტთან ერთად, პარლამენტს 17 თებერვალს წარუდგინეს. წინადადებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მათ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნეს.
საკანონმდებლო წინადადებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საკანონმდებლო ორგანოსთან ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 31 მარტს, ხოლო მეორე მოსმენით 25 აპრილს მიიღო. საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს მესამე მოსმენით მიმდინარე კვირაში განიხილავს.

















