მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოში განუცხადეს, დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მართლმადიდებელ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.
სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II დილის 09:00 საათზე აღავლენს. საზეიმო ლოცვას კი პატრიარქი დღეს, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში 17:00 საათზე შეასრულებს.
წმინდა გიორგი III საუკუნის II ნახევარში კაბადოკიაში დაიბადა. იგი დეოკლიტიანე (284-305 წ) მეფის დროს ტრივონთა მეთაური იყო.
დეოკლიტიანემ კერპთმსახურება ააღორძინა და ქრისტიანთა დევნისა და იმ მორწმუნეთა დაწინაურების შესახებ გასცეს ბრძანება, რომელნიც ახალ რელიგიას უარყოფდნენ, ხოლო ვინც მეფის განაჩენს შეეწინააღმდეგებოდა, საზარელი სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.
გადმოცემით, ამ დროს წმინდა გიორგი მეფესთან შევიდა და ქრისტიანობა მის წინაშე იქადაგა. დეოკლიტიანემ ვერაფრით შეძლო წმინდა გიორგის გადაბირება, ამიტომაც მისი დასჯა გადაწყვიტა. თავდაპირველად, მეფემ მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა, თუმცა წმინდანის ხორცის შეხებისას ლახვარი სანთელივით მოიდრიკა. როცა ამით ვერაფერი დააკლო, დეოკლიტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე მახვილები დააგებინა და მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაჭრა, მაგრამ ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი განიკურნა და განახლებული ბრწყინვალებით წარდგა მეფის წინაშე.
მთავარმოწამე კერპთმსახურთა ტაძარში შევიდა რის შემდეგაც ყველა კერპი შეიძრა და შეიმუსრა. წმინდა გიორგი შეიპყრეს და დეოკლიტიანეს მისი მოკვლა სთხოვეს. მეფემ წმინდა გიორგის სიკვდილით დასჯა ბრძანა. მას თავი მოჰკვეთეს.
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის წელიწადში ორჯერ - 6 მაისსა და 23 ნოემბერს იხსენიებს. ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება.

















