„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მიერ ფილტრების დაყენებისას მონიტორინგის განხორციელებას ითხოვს.
აღნიშნულის შესახებ დღეს „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ და ზესტაფონის ტელეკომპანია „არგოს’’ ყოფილმა ჟურნალისტმა შოთა ფერაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
შოთა ფერაძის თქმით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნიდან გარემოში დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებების გაფრქვევა14 აპრილს ვიდეო-კამერით დააფიქსირა.
ნიკოლოზ მჟავანაძის ინფორმაციით, მედიასაშუალებებში კადრების გავრცელების შემდეგ შოთა ფერაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
„ქარხნის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ქარხანაში 10 მაისიდან ფილტრების დამონტაჟება დაიწყება. თითოეულ ღუმელზე 2100 ფილტრი დაყენდება. მათი ნაწილი ქუთაისში მზადდება, ნაწილს თურქეთიდან და უკრაინიდან შემოიტანენ. ქარხანაში ამჟამად 5 ღუმელი მუშაობს“- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
იურისტის თქმით, მას შემდეგ, რაც ფეროშენადნობთა ქარხნის ხელმძღვანელობამ ქარხანაში გადასამუშავებლად არასერტიფიცირებული ტყვიაშემცველი მაროკოს მარგანეცის მადანი შეიტანა, ატმოსფეროში მავნე ნივთიერების გაფრქვევა მოხდა.
მისივე თქმით, აღნიშნულის შედეგად, საამქროს რამდენიმე მუშა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მე-4 საამქროს ხიდური მემანქანე გოჩა სამხარაძე კი მავნე ნივთიერებების გაფრქვევის დროს ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

















