ID ბარათის - ელექტრონული პირადობის მოწმობის მფლობელები ნებისმიერი დოკუმენტის ხელმოწერას სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.
ID ბარათის ციფრული ხელმოწერის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა.
პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაესწრო.
როგორც პრეზენტაციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ამიერიდან დოკუმენტებზე ხელმოწერა ნებისმიერ პირს, კომპანიას თუ სახელმწიფო ორგანიზაციას ადგილიდან შეეძლება. ამისთვის საჭიროა ვებ-გვერდზე www.ID.ge-ზე შესვლა, სადაც სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, ნებისმიერ დოკუმენტზე ხელმოწერა ციფრულად იქნება შესაძლებელი.
მისივე თქმით, ხელმოწერილი საბუთი დანიშნულების ადგილზე ელექტრონული საშუალებებით შეიძლება გადაიგზავნოს.
პროგრამის შემქმნელთა განცხადებით, ID ბარათით განხორციელებული ხელმოწერა გაყალბებისგან მაქსიმალურადაა დაცული.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ეს სერვისი როგორც რიგით მოქალაქეებს ისე ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქმიანობას გაუადვილებს.
„10 წლის წინ ნებისმიერი დოკუმენტის ასაღებად მოქალაქეს სხვადასხვა უწყებაში თვეობით სიარული და ჩინოვნიკების ხვეწნა უწევდა. ქრთამის გადახდის გარეშე, არაფერი კეთდებოდა. ამ რეალობიდან დღეს ახალ რეალობაში გადავედით“- განაცხადა ბაქრაძემ.

















