არასამთვრობო ორგანიზაცია „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფი“ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შეჩერებას ითხოვს, რომლის თანახმად, ჯგუფის ხელმძღვანელის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ეროვნულ პარკებში ტყით სარგებლობა და სხვა სამეურნეო საქმიანობა ხდება შესაძლებელი.
როგორც ჩხარტიშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტი იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს მტაცებლური, ხშირ შემთხვევაში კორუფციული გზით, ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის, დაცული ტერიტორიებით სარგებლობა.
ჩხარტიშვილის თქმით, აღნიშნული კანონის მიღება დაცული ტერიტორიების განადგურებას და მათი ფუნქციის დაკარგვას გამოიწვევს.
„დაცულ ტერიტორიებზე აქტიური სამეურნეო საქმიანობა არ შეიძლება, ვინაიდან ეს სივრცეები უნიკალური ეკოსისტემების დასაცავად, უნიკალური მცენარეების გადასარჩენადაა შექმნილი. ცვლილება კი, დაცული ტერიტორიების ფორმალურ არსებობას გამოიწვევს“ - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
„გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფი“ პარლამენტისგან მოითხოვს არ მიიღოს ასეთი კანონი.

















