ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ბაჩო კიკაბიძე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას უარყოფს.
როგორც კიკაბიძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, ტელეკომპანიაში ნათელაშვილის მიმართ მტრული დამოკიდებულება არავის აქვს და უსაფრთხოების თანამშრომლები მხოლოდ მათზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდნენ.
„არამგონია მტრულ დამოკიდებულებაში გამოიხატებოდეს, ის რომ დაცვის თანამშრომელმა ორგანიზაციაში შესვლის დროს პირს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვოს. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“ - აღნიშნა კიკაბიძემ.
„მაესტრო“ მტრულ დამოკიდებულებაში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ დღეს გავრცელებულ განცხადებაში დაადანაშაულა. პარტიის ინფორმაციით, გუშინ, „მაესტროში“ პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის ვიზიტისას, ტელეკომპანიის უსაფრთხოების სამსახურმა ნათელაშვილის თანმხლებ დაცვის მუშაკებს შენობაში შესაშვებად პასპორტების დატოვება მოსთხოვეს.

















