ოზურგეთის რაიონის სოფელ კონჭკათის მოსახლეობა სოფლის შუაგულში მდებარე ძეგლის - "კატის ციხის" ნგრევას აპროტესტებს.
როგორც „ნიუსპრესს“ „რესპუბლიკური პარტიის“ პრესსამასახურიდან აცნობეს, აღნიშნულის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრს, „რესპუბლიკური პარტიიდან“ დავით ბერძენიშვილს კონჭკათის მაცხოვრებლებმა შეხვედრისას განუცხადეს.
მათივე ცნობით, ციხის ნანგრევებს ქვის კარიერად იყენებენ. ამასთანავე, იქ მაცხოვრებლებს წყლის გარეშე დარჩენა ემუქრებათ. ადრე ციხის ნაწილის ნგრევას, წყლის ნაკადის მკვეთრი შემცირება მოჰყვა.
„რესპუბლიკური პარტიის“ ინფორმაციით, კოალიციის წარმომადგენლის და მოსახლეობას შორის შეხვედრაზე, მიუხედავად მათი მცდელობისა, სოფლის რწმუნებული არ მივიდა.
გურიის რეგიონში კოალიციის პოლიტიკური კოორდინატორი დავით ბერძენიშვილი რამდენიმე დღეა იქ იმყოფება და ელექტორატთან შეხვედრებს მართავს.

















