3 მაისს პრესის თავისუფლების დღე აღინიშნება.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის
სასახლის წინ ინსცენირებულ აქციას სახელწოდებით - „მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში!“ მოაწყობს.
აქციაზე დასწრება ნებისმიერ უფლებადამცველ ორგანიზაციას და საზოგადოების წარმომადგენელს შეუძლია.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა პრესის თავისუფლების დღე გასულ წელსაც აღნიშნა.
პარლამენტის წინ მოწყობილ “Flashmob”-ზე აქციის მონაწილეებმა ბეჭდურ მედიაზე სხვადასხვა სახის ზეწოლას პროტესტი ამობრუნებული გაზეთებით გამოუცხადეს.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციების - „კონსტიტუციის 42-ე მუხლისა“ და ადამიანის უფლებათა ცენტრის გარდა, აქციაში „საზოგადოებრივი დამცველი“, არჩევნებისა და პოლიტტექტონოლოგიების კვლევის ცენტრი, „ახალგაზრდები სამართლიანობისთვის“ და „ჯანმრთელი სამყარო“ მიიღებენ მონაწილეობას.
1991 წლის 3 მაისს აფრიკელმა ჟურნალისტებმა ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში დეკლარაცია მიიღეს, რომელიც ყველა ქვეყნის მთავრობას პრესის თავისუფლებისთვის ხელშეწყობას მოუწოდებდა.
1993 წლის 21 დეკემბრიდან კი, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 3 მაისი პრესის თავისუფლების დღედაა გამოცხადებული.
ეს დღე მსოფლიო საზოგადოებას შეახსენებს, რომ სხვადასხვა სახელმწიფოში აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება ჯერ კიდევ ირღვევა, რაც ჟურნალისტებს ხშირად თავისუფლების, ზოგჯერ კი, სიცოცხლის ფასად უჯდებათ.

















