უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი, პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ სამარცხვინოა, როდესაც აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა დღესაც იგივეა, რაც 6 წლის წინ იყო.
ბაღათურიამ ეს განცხადება ყოფილ კორტებთან, საპროტესტო აქციაზე გააკეთა, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის 6 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა.
როგორც დეპუტატმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას განაცხადა, დღეს მთავარი მოთხოვნა დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემაა. მისივე განცხადებით, „ხელისუფლების კრიმინალიზაციის პროცესი“ სწორედ ამ ნაბიჯებით დაიწყო, როდესაც ვაზაგაშვილს, გირგვლიანს, რობაქიძეს და სხვა ახალგაზრდებს კლავდნენ.
„პრეზიდენტი პირადად ერეოდა დამნაშავეთა დაცვაში, შესაბამისად, ის ამ დანაშაულის თანამონაწილე გახდა. ის, რომ დღეს დამნაშავეთა დასჯასთან დაკავშირებით იგივე მოთხოვნა დგას, იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლებაში ისეთი თანამდებობის პირები გვყავს, რომლებიც დანაშაულში არიან მხილებულები“- განაცხადა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, საპროტესტო გამოსვლები ამ ყველაფრისადმი საზოგადოების დამოკიდებულების მაჩვენებელია, რაც საბოლოოდ შედეგს გამოიღებს.
ვაზაგაშვილი და ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს თბილისში კორტების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, ისინი ყაჩაღობისთვის მზადებაში იყვნენ ეჭვმიტანილები.

















