არასამთავრობო ორგანიზაცია „დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაცია“ დღეს სახალხო დამცველის ოფისთან აქციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციის გამგეობის ხელმძღვანელმა ია ღონღაძემ განუცხადა, პროკურორთან, იუსტიციის მინისტრთან და შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტანილ წერილებთან ერთად, მათ წერილობით სახალხო დამცველსაც მიმართეს.
მისი თქმით, სახალხო დამცველმა 30 000-მდე მოქალაქის უფლებების დარღვევის ფაქტები არ განიხილა, შესაბამისად, წერილობით მიმართვას რეაგირება არ მოჰყოლია.
„სასამართლოსაც მივმართეთ და ვერც ერთ ინსტანციაში ყურადღება ვერ დავიმსახურეთ. სწორედ ამის გამო მივმართეთ სახალხო დამცველს. მოვითხოვთ, რომ ყურადღება მოგვაქციოს. მისი მოვალეობა ადამიანის დარღვეული უფლებების დაცვაა, გვიშუამდგომლოს პრეზიდენტთან თუ სამართლდამცავ ორგანოებთან“ - განაცხადა ია ღონღაძემ.
ია ღონღაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულების მდგომარეობა ამ დრომდე არ შეცვლილა და კომპანია „დექსუსი“ მათ უარეს პირობებში აყენებს.
„დაზარალებულ მენაშენეთა“ წარმომადგენლების ინფორმაციით, „ცენტრ პოინტმა“ 2003-2010 წლებში 6 200 ოჯახი დააზარალა, რომელთა მდგომარეობა უცვლელია.
საინვესტიციო და დეველოპერული კომპანია „დექსუსი“, რომელმაც „ცენტრ პოინტის“ აქტივები გადაიბარა, დაზარალებულთაგან თანხის 18%-ის დამატებას ითხოვს.
2010 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, „დექსუსმა“ „ცენტრ პოინტის“ ვალდებულებები 3 წლის ვადაში უნდა შეასრულოს.

















