რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ პროფკავშირების საპროტესტო აქცია გაიმართა.
პროფესიული კავშირების გაერთიანების
თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა შეკრებილებს საპირველმაისო მანიფესტი გააცნო, რომელშიც ყურადღება დღეისთვის ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებზეა გამახვილებული.
პეტრიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ხალხის დაუკითხავად ატარებს რეფორმებს, მაგალითად, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.
„სვაროვსკის თვლებივით გამოფინეს ახალი ტრაქტორები, რომლებიც გლეხებისთვის ხელმიუწვდომელია. ქართული მიწები ურიგდებათ უცხოელებს“ - განაცხადა მან.
მისი განმარტებით, არსებული გადასახადები მოსახლეობას მძიმე პირობებში აგდებს, პრობლემას წარმოადგენს უნივერსიტეტებიდან გამორიცხული ათასობით სტუდენტი.
პეტრიაშვილმა ასევე აღნიშნა,რომ ქვეყანაში დემოკრატია ხალხმა უნდა ააშენოს და ის მუდმივად მხსნელის მოლოდინში არ უნდა იყოს.
პერტიაშვილი საზოგადოებას სოლიდარობის ფონდის დაფუძნებისკენ მოუწოდებს, სადაც შესული თანხა სამსახურიდან უკანონოდ დათხოვილი მოქალაქეების დახმარებას მოხმარდება.
დღეს პროფკავშირებმა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი შეიტანეს, რომელშიც სოციალური პრობლემების მოგვარების გზებია ასახული.
პეტრიაშვილი დეპუტატებს ურჩევს, არსებული საკანონმდებლო ინიციატვები დროულად ასახონ კანონმდებლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ხალხი თავად მოიყვანს მათი ინტერესების გამომხატველ ხელისუფლებას.
აქციის მონაწილეები ალექსანდროვის ბაღში გადაინაცვლებენ, სადაც როკ კონცერტი უნდა გაიმართოს.

















