საქართველოს სახალხო დამცველი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს და
მოითხოვს შეისწავლოს დაკავებული თანამდებობიდან შორენა კუხიანიძის გათავისუფლების საკითხი.
კუხიანიძეს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოში არსებული სამი უფროსი სპეციალისტის შტატით გათვალისწინებული თანამდებობებიდან ერთ–ერთი ეკავა.
როგორც ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, სახალხო დამცველის მიერ საქმის მასალების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები დარღვეული იყო.
"შესაბამისად, თუ რატომ მოხდა 3 უფროსი სპეციალისტიდან შორენა კუხიანიძის თანამდებობიდან გათავისუფლება და რის საფუძველზე მიენიჭა დანარჩენ 2 სპეციალისტს უპირატესობა, უნდა ყოფილიყო დასაბუთებული ყველა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების მითითებით",-აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

















