სტუდენტური ბარათების კონცეფციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, აღნიშნული ბარათით სტუდენტები სხვადასხვა მომსახურებებზე ფასდაკლებებით ისარგებლებენ, მათ შორისაა ტრანსპორტის, კვების ობიექტების, სავაჭრო ცენტრებისა და გამაჯანსაღებელი ცენტრების სერვისები.
მანჯგალაძემ დააზუსტა, რომ ბარათები მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის იმოქმედებს.
ამასთან, მისი თქმით, სტუდენტური ბარათების შექმნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივას რამდენიმე კომპანია უკვე გამოეხმაურა, ისინი მზად არიან სტუდენტებს სხვადასხვა შეღავათები შესთავაზონ.
„გარდა ამისა, პრეზიდენტის კიდევ ერთი ინიციატივის თანახმად, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ სახელმწიფოსგან დაფინანსება სწავლის პერიოდში მოიპოვონ“ - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი განმარტებით, აღნიშნულ პროგრამაში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არიან ჩართული, მოგვიანებით კი, მათ სხვა სასწავლებლებიც დაემატება.

















