„ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ხელმძღვანელობას მაროკოს
მარგანეცის მადნის გადამუშავებაზე უარის თქმისა და დაზარალებული მუშების დახმარებისკენ მოუწოდებს.
როგორც იურისტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას შემდეგ, რაც ფეროშენადნობთა ქარხნის ხელმძღვანელობამ ქარხანაში გადასამუსავებლად არასერტიფიცირებული ტყვიაშემცველი მაროკოს მარგანეცის მადანი შეიტანა, ატმოსფეროში მავნე ნივთიერების გაფრქვევა მოხდა.
მისივე თქმით, აღნიშნულის შედეგად, საამქროს რამდენიმე მუშა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„მე-4 საამქროს ხიდური მემანქანე გოჩა სამხარაძე მძიმე ინტონსიკაციის ნიშნებით ჯერ ქუთაისის საავადმყოფოში, გუშინ კი, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულს უწოდებენ“ - განაცხადა მჟავანაძემ და აღნიშნა, რომ შექმნილი რთული ვითარების გამო, მუშების ნაწილი საწარმოში არასერტიფიცირებული მადნის გადამუშავების პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
იურისტის ინფორმაციით, ამჟამად, სოფელ არგვეთაში, სადაც უახლოეს დღეებში ახალი საწარმო გაიხსნება, 200 ტ მაროკოს მარგანეცის მადანია შეტანილი, რომლის გადამუშავებაც ხვალ იწყება.
აღნიშნული მადანი სოფელ ჭიშურაში განთავსებულ საწარმოშიც გადანაწილდა.
„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ მოითხოვს ქართველი მუშა-პერსონალის უსაფრთხოების მიზნით, ქარხნის ხელმძღვანელობამ მაროკოს მარგანეცის მადნის გადამუშავებაზე უარი თქვას.

















