საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს "ტელე–რადიო კომპანია TV-7"–ის სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც "ნიუსპრესს" კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, საქმის საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაიწყო. კომპანია თავისი ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას ითხოვდა, რომ კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადის, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით, თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობით გავრცელების საშუალება მისცემოდა.
შპს "ტელე–რადიო კომპანია TV-7"–მა საკაბელო ქსელის გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით მიიღო. ლიცენზიის სახე კერძო ტელემაუწყებლობაა, სახეობა – საერთო ტელემაუწყებლობა, ხოლო გეოგრაფიული არეალი ქ. თბილისს მოიცავს.

















