საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრიჩაილდის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბავშვთა სახლებში მცხოვრებთა რიცხვი შემცირდა.
„ბავშვზე სახელმწიფო ზრუნვის ალტერნატიული სერვისების - მინდობით აღზრდის, მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და დღის ცენტრების საჭიროებათა“ კვლევის შედეგებით, დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის დაწყებამდე სკოლა-ინტერნატებში 5 500-მდე ბავშვი ცხოვრობდა.
კვლევის შედეგებით გაირკვა, რომ რეფორმის ფარგლებში მათი ნაწილი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა, ნაწილი მიმღებ ოჯახებში ცხოვრობს, ხოლო ზოგი მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადავიდა.
კვლევის თანახმად, ამჟამად, 9 სახელმწიფო ბავშვთა სახლში მხოლოდ 387 ბავშვი ცხოვრობს.
აღნიშნული კვლევა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრიჩაილდმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ჩაატარა.
დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმა საქართველოში 1999 წლიდან ხორციელდება და მის მიზანს დიდი ზომის, საბჭოური ინსტიტუციების, ე.წ. „ბავშვთა სახლების“ დახურვა წარმოადგენს. რეფორმის დასრულება 2012 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
„ევრიჩაილდის“ ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში 70 რეკომენდაცია შეიმუშავეს, რომელთაგან ერთი უკვე შესრულდა. 20 განხორციელების პროცესის სხადასხვა ეტაპზეა. თუმცა, რჩება კიდევ 49 რეკომენდაცია, რომელიც ყურადღებას საჭიროებს.
საჭიროებათა შეფასება ევროკავშირის დაფინანსებით, „ევრიჩაილდის“ მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანი ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში ალტერნატიული მომსახურებების მიმწოდებელი ორგანიზაციების და მომხმარებელთა ჩართულობის ხელშეწყობაა.

















