ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის მიხაკო წერეთლის ნეშტს ლევილიდან საქართველოში, სავარაუდოდ, ივნისში გადმოასვენებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს სპეციალური კომისიის პირველ სხდომაზე მიიღეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ, სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაიმ განაცხადა, ნეშტის საქართველოში გადმოსვენების შემდეგ, თბილისის რამდენიმე ქუჩას და ერთ-ერთ სკოლას მისი სახელი დაერქმევა.
„შევთანხმდით, რომ ნეშტის გადმოსვენების გარდა, კომისიის მისია საქართველოში მიხაკო წერეთლის პიროვნების, ღვაწლისა და ნაშრომების პოპულარიზაცია იქნება“ - განაცხადა დავითაიამ.
სხდომაზე აღინიშნა, რომ მას შემდეგ, რაც კომისია წერეთლის ანდერძს შეისწავლის, მისი დაკრძალვის ადგილი გადაწყდება.
მიხაკო წერეთელმა საქართველო ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ დატოვა. იგი სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში, მისი სტატიები და ნაშრომები მსოფლიოს წამყვან ჟურნალ-გაზეთებში ქვეყნდებოდა. მიხაკო წერეთელი პოლიტიკური ორგანიზაცია ,,თეთრი გიორგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელიც იყო.

















