ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალურ ცენტრში, ცენტრის საქმიანობისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და თემაზე „მედიაციის ინსტიტუტი საქართველოში და მისი განვითარების პერსპექტივები“ დისკუსია გაიმართა.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, პრეზენტაციას თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, იუსტიციის საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეები, სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„მედიაციის დანერგვა და ამ ინსტიტუტის პოპულარიზაციის ხელშეწყობა აუცილებელია, ეს არის კონფლიქტის მოგვარების ყველაზე ცივილიზებური მეთოდი. მედიატორის არჩევა ნებაყოფლობითია, დაცულია კონფიდენციალურობა. ახლო მომავალში შემუშავდება ისეთი კანონი, რომლის თანახმადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მედიატორს თავად მიმართონ“- განაცხდა თბილისის საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა კალანდაძემ.
ღონისძიების დასასრულს წიგნის „არბიტრაჟის შესახებ კანონის მოკლე კომენტარის“ პრეზენტაცია გაიმართა.

















