უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ამა თუ იმ საბუთის მისაღებად შეუძლიათ საქართველოში მყოფ პირს მინდობილება გაუფორმონ.
აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, დღეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი გაბრიელაშვილმა ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, საქართველოში მყოფ პირს, მინდობილობის საფუძველზე, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობების - დაბადების, ქორწინების, განქორწინების, სახელის/გვარის შეცვლის, მამობის დადგენისა და შვილად აყვანის მოწმობების აღების უფლება ექნება.
გარდა ამისა, ახალი სერვისის თანახმად, მინდობილ პირს შეუძლია განქორწინების რეგისტრაციის პროცედურები აწარმოოს, სამოქალაქო აქტის მონაცემები შეასწოროს და ა.შ.
რაც შეეხება ამა თუ იმ დოკუმენტის გასაცემად საჭირო თანხმობას, საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეს შეუძლია არასრულწლოვან პირზე პასპორტის გაცემის, 16-18 წლამდე პირის ქორწინების რეგისტრაციის, საკუთარ ბინაში პირის რეგისტრაციასთან დაკავშირებით და სხვა საკითხებზე თანხმობა დაადასტუროს.
სამოქალაქო რეესტრის ცნობით, დღემდე საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საბუთის მისაღებად ადგილობრივ ნოტარიუსთან მისვლა, საქართველოში მყოფ წარმომადგენელზე მინდობილობის გაფორმება, დამოწმება აპოსტილით და საქართველოში გამოგზავნა უწევდა. შემდეგ კი, ეს საბუთი უნდა ეთარგმნათ, წარმომადგენელს უნდა მიეღო ცნობა, დაემოწმებინა აპოსტილით და გაეგზავნა განმცხადებლისთვის.

















