მიმდინარე კვირაში შიდსით 36 წლის ქალბატონი გარდაიცვალა.
როგორც „ნიუსპრესს“ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან
აცნობეს, გარდაცვალების მიზეზი ღრმა იმუნოდეფიციტის ფონზე განვითარებული დაავადება პერიტონიტია.
მედიკოსების თქმით, პაციენტი რეგიონიდან იყო. გარდაცვალება კი, დაგვიანებით მკურნალობამ გამოიწვია.
2012 წლის 27 აპრილის მონაცემებით, შიდსის 142 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. წელს 34 პაციენტი გარდაიცვალა, რომელთაგან 29 მამაკაცი და 5 ქალია.
შიდსის ცენტრის მონაცემებით, იანვარში - 4 პაციენტი, თებერვალში – 9, მარტში – 13, ხოლო აპრილში – 8 პაციენტი გარდაიცვალა.
ამავე პერიოდის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში შიდსის ვირუსით ინფიცირების 3 257 შემთხვევაა რეგისტრირებული. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 1 968 პაციენტს განუვითარდა, რომელთაგან 725 გარდაიცვალა.
აივ მკურნალობას ამჟამად, 1 180 პაციენტი გადის, მათგან 36 – ბავშვია.

















