იუსტიციის სასწავლო ცენტრში ეფექტური მომსახურების ტრენინგები მიმდინარეობს.
როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, მე-5 დღეა სასწავლო ცენტრის რვა თანამშრომელი სასწავლო პროგრამის საერთაშორისო სტანდარტებთან მორგებაზე დიდი ბრიტანეთის ტრენინგ-ცენტრის „Impact Factory“-ს ტრენერებთან ერთად მუშაობს.
ერთობლივი სემინარი ეფექტური მომსახურების ტრენინგების საერთაშორისო სტანდარტებისა და უახლესი გამოცდილების გაცნობას ისახავს მიზნად.
მომსახურების სწავლების გაუმჯობესების შემდგომი ეტაპი ტრენინგ-პროგრამის სერტიფიცირებაა, რომელსაც იუსტიციის სასწავლო ცენტრი მაისში გეგმავს.
ეფექტური მომსახურების ტრენინგ-პროგრამაზე მუშაობა ხვალ დასრულდება. სემინარში მონაწილე ტრენერებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.
მიმდინარე წლიდან იუსტიციის სასწავლო ცენტრმა სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა ტრენინგებიც დაიწყო. ეფექტური მომსახურების ტრენინგები იუსტიციის სასწავლო ცენტრში ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო სამსახურის, ასევე, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების თანამშრომლებმა, სოციალურმა მუშაკებმა, კახეთის რეგიონში არსებული მუზეუმების, რესტორნების და სასტუმროების თანამშრომლებმაც გაიარეს.

















